X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო

9 მაისი 2021

ზუგდიდიში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. შესრულებულ სამუშაოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე გაეცნენ. 

ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები. 

„ქალაქ ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. ეს არის სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად გამოირჩევა მართვის ეფექტურობით. ასევე, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ობიექტის დამოუკიდებელ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მას 43 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.